მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ეროვნული ფილმოგრაფიის შესახებ

    ქართული კინოხელოვნების ისტორია მე–20 საუკინის დამდეგიდან იწყება. „ლუმიერების სინემატოგრაფს“ ქართველი მაყურებელი ჯერ კიდევ 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა და მისმა შვილმა ალექსანდრემ, ლუმირების სისტემის საპროექციო აპარატი შეისყიდეს და „ჯონ მორისის“ ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში საგასტროლოდ გაემგზავრნენ.
    1904 წელს ოდესელმა კომერსანტმა ქალმა სოფია ივანიცკაიამ თბილისში გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე გახსნა პირველი კინოსტაციონარი „ილუზიონი“, ერთი წლის შემდეგ კი მუშტაიდის ბაღში ახალი, იმ დროისთვის საკმაოდ დიდი საზაფხულო კინოთეატრი ააშენა.
    1909 წელს სოფია ივანიცკაიას დახმარებით ალექსანდრე დიღმელოვმა ქრონიკის გადაღება დაიწყო, ფილმების ნეგატივებს ფირმა “პატე“ თავისი კინოჟურნალისთვის იძენდა.
    1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, ფილმის ჩვენება ქუთაისში კინოდარბაზ „რადიუმში“ შედგა.
    1916–1918 წლებში გერმანე გოგიტიძის თაოსნობით ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი „ქრისტინე“ (ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით).
    1921 წლის 11 აპრილს განათლების სახალხო კომისარიატთან ჩამოყალიბდა კინოსექცია, რომელიც 1923–1938 წლებში სახელმწიფო კინომრეწველობად (სახკინმრეწვად) იწოდებოდა...
    1924 წელს ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად აჩვენეს ქართული ფილმები: „არსენა ჯორჯიაშვილი“, (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1921 წელი), „სურამის ციხე“ (რეჟ. ივანე პერესტიანი, 1922 წელი), „მოძღვარი“ (რეჟ. ვლადიმერ ბარსკი, 1922 წელი).პირველი ქართული ხმოვანი ფილმი არის ლეო ესაკიას “შაქირი” (”როტე ფანე”).
    არსებობის დღიდან ქართულ კინოში 1000–ზე მეტი მხატვრული ფილმია შექმნილი. მონაცემთა ბაზაზე თანდათანობით განთავსდება სრული ინფორმაცია საქართველოში შექმნილ ყველა მხატვრულ, დოკუმენტურ და მულტიპლიკაციურ ფილმზე. სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი ფილმების შემქმნელთა ბიოგრაფიები, მათი მონაწილეობა მნიშვნელოვან საერთაშორისო კინოფესტივალებზე და მოპოვებული პრიზები.

ქართული კინო 100 წლისაა, გილოცავთ!!!




.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.